ტიხრული მინანქარი

ტიხრული მინანქარი შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების უდიდესი მონაპოვარია. მინანქრის მედალიონები, იქნებოდა ეს წმინდანთა მცირე ზომის ხატები, ჯვრები თუ ორნამენტული მოტივები, ძირითადად საეკლესიო ნივთების შესამკობად გამოიყენებოდა. 
საქართველოში დაცული კოლექცია, რომელიც მოიცავს როგორც ქართულ, ისე ბიზანტიურ ნიმუშებს, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია. ტიხრული მინანქრის განვითარებას საქართველოში თავისი წინაპირობები ჰქონდა, რასაც მცხეთის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ტიხრული ინკრუსტაციით გაფორმებული ნივთების მრავალფეროვნება მოწმობს. ამ მხრივ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ახ. წ. აღ. 170-180 წლებით დათარიღებული ასფარუგის ხმლის ქარქაში, რომლის შესრულების ტექნიკაც ძალზე ახლოს დგას ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიასთან. 
ბიზანტიაში ტიხრული მინანქარი VI საუკუნიდან ჩნდება, მაგრამ ამ დროისთვის ის მხოლოდ უმნიშვნელო ორნამენტული მოტივების სახით არსებობს. ქართული ტიხრული მინანქრის ევოლუცია კი VIII საუკუნიდან იწყება, უფრო ადრეული ძეგლები არ მოგვეპოვება. მინანქრის ადრეული ძეგლები მუქი ზურმუხტისფერი მინანქრით ამოვსებული ფონით ხასიათდება, რასაც მოგვიანებით ოქროს ფონი ცვლის. ქართულ მინანქარს ბევრი რამ აქვს საერთო ბიზანტიურთან, კერძოდ კი, შესრულების ტექნიკა, ფერადოვანი გამა და იკონოგრაფია, მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად მათ შორის პრინციპული განსხვავებაც არსებობს, რაც, უპირველეს ყოვლისა, განსხვავებულ ხასიათშია გამოხატული. ბიზანტიურ დახვეწილ, დახვეწილ, მკაცრ სახეებს უპირისპირდება ქართული სადა, ზოგჯერ გულუბრყვილო, თავისებური ექსპრესიის მქონე გამოსახულებები. 
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს XII საუკუნის  ხახულის ღვთისმშობლის კარედი, რომელიც სხვადასხვა დროის (VIII-XII სს.) ქართული და ბიზანტიური წარმოშობის მინანქრის 115 დეტალს შეიცავს. მისი ცენტრალური, ღვთისმშობლის ხატის ხელები და სახე კი მსოფლიოში მინანქრის ყველაზე დიდი ნიმუშია. თავისი მასშტაბითა და მხატვრული ღირებულებით ხახულის კარედს ხშირად ვენეციის პალა დ’ოროს ადარებენ.  
XV საუკუნიდან (რომელი პერიოდიდანაც მხოლოდ ორი წმინდა გიორგის ფირფიტაა შემორჩენილი) ქართული ტიხრული მინანქარი წყვეტს თავის არსებობას. მისი ტრადიციების აღორძინება კი მხოლოდ XX საუკუნის ბოლოს მოხერხდა. 
დღეისათვის ტიხრული მინანქრის წარმოება ფართოდ არის გავრცელებული. ის მოიცავს როგორც ტრადიციულ რელიგიურ თემატიკას, ისე თანამედროვე სამკაულს და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს. 

 

დღის ოსტატი

როლანდ ოდიშელიძე

იარაღი

ნამუშევრები: ლითონის დამუშავება