ქვაზე კვეთა და გლიპტიკა


ნახევრადძვირფასი თუ ძვირფასი ქვების დამუშავება საქართველოში უძველესი დროიდან იწყება, განსაკუთრებულ განვითარებას კი ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნისთვის იბერიის დედაქალაქში _ მცხეთაში აღწევს. საკმარისია აღინიშნოს მრავალი პორტრეტული თუ სხვა გამოსახულებიანი გემმა და კამეა მცხეთის (არმაზისხევის, ბაგინეთის, სამთავროს) კლდეეთისა და ახალი წელთაღრიცხვის I-III საუკუნეთა სხვა სამარხებიდან. ამ ნიმუშებს შორის ქვაზე ფაქიზად კვეთის ხელოვნების ნამდვილი შედევრებიც მოიპოვება. გემები (ამოღრმავებით ნაკვეთი გამოსახულებანი) და კამეები (რელიეფურად ნაკვეთნი) პატიოსან თვლებზეა ამოჭრილი და შემდეგ ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა თუ რკინის სხვადასხვა სამკაულშია (მეტწილად ბეჭდებში) ჩასმული. იბერიაში მათი ფართო გავრცელება აქ სათანადო სახელოსნოების არსებობის ვარაუდსაც წარმოშობს. ანტიკური გლიპტიკის უდავო გავლენის პარალელურად შეინიშნებოდა კავშირი აღმოსავლურ პართულ და მცირეაზიურ გემმებთან. ამავე პერიოდში ჩნდება ეგვიპტური გემმებიც. 
ადრე შუა საუკუნეების დასაწყისში საქართველოში ძირითადად ანტიკური დასავლური გემმები გვხვდება, შემდეგ კი წამყვანი როლი აღმოსავლურ, სასანურ გემმებს ენიჭება. ყურადღებას იქცევს ადგილობრივი ოსტატების ნამუშევრებიც. VII-VIII სს-დან განვითარებულ შუა საუკუნეებამდე გლიპტიკა ძირითადად გვიანდელი ხანის სასანური საბეჭდავების მიბაძვით ვითარდება. გვიანი შუა საუკუნეების საბუთებში, ზეპირსიტყვიერებასა და მწერლობაში გვხვდება ტერმინები და ცნობები, რომლებიც ეხება საბეჭდავებს, მათ მასალას, ფორმებს, დამზადების წესს. შემონახულია როგორც საბეჭდავები, ისე მათი ანაბეჭდები. ზოგიერთი მათგანი მაღალი ოსტატობის ნიმუშს წარმოადგენს (ზურმუხტზე ჭრილი ანტონ კათალიკოსის საბეჭდავი). გვხვდება გერბის გამოსახულებიანი საბეჭდავები. ამ მხრივ საგანგებოდ აღსანიშნავია კათალიკოს დომენტი II-ის (XVII ს.) საბეჭდავი, რომლის ოსტატს ძველი რელიგიური სიუჟეტები ახლებურად, თავისი ეპოქის შესაბამისად გადმოუცია. XIX საუკუნის საბეჭდავების უდიდესი ნაწილი წარწერიანია, გვხვდება გერბის გამოსახულებიანი საბეჭდავებიც. 
გლიპტიკის პარალელურად შუა საუკუნეების საქართველოში ფართოდ გავრცელდა რელიეფური ხელოვნება, რომელიც ტაძრების ფასადების, კანკელების და სტელების შესამკობად გამოიყენებოდა. ადრე შუა საუკუნეების ელინისტურ გავლენებს გარდამავალ ხანაში (VIII-IX  საუკუნეებში) ცვლის ხაზობრივ-დეკორატიული სტილი, რომელიც სიბრტყობრიობით, უტრირებული ფორმებით და სტილიზაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. X-XI საუკუნეები შუა საუკუნეების ქართული პლასტიკის ოქროს ხანაა. დახვეწილი ფორმები და პროპორციები, შესრულების მაღალი ოსტატობა და ორნამენტული მოტივების მრავალფეროვნება ამ პერიოდის ქვაზე კვეთის ნიმუშების თავისებურებას წარმოადგენს. აღნიშნული ტენდენცია გრძელდება XII-XIII საუკუნეების მანძილზეც. მომდევნო პერიოდის ქვაზე კვეთის ნიმუშებში აშკარაა ორნამენტის სქემატიზაცია,Gგვიანი შუა საუკუნეების რელიეფებისთვის კი დამახასიათებელი ხდება პირობითობა და ხალხურ საწყისების წინ წამოწევა.       
XIX საუკუნეში ქვაზე კვეთის უმნიშვნელოვანეს დარგად ყალიბდება საფლავის ქვების მორთვის ხელოვნება, რომელიც XIX საუკუნეში XX საუკუნის დასაწყისის ჩათვლით თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა. ქვაზე კვეთილი პორტრეტების სიმრავლე ამ პერიოდში აღნიშნული დარგის განსაკუთრებულ პოპულარობაზე მეტყველებს. 
დღეისათვის ქვაზე კვეთის ხელოვნება გამოიყენება ტაძრის ფასადების, კანკელების მორთულობაში, გლიპტიკა კი პოპულარულია როგორც საეკლესიო ნივთების, ისე სამკაულის წარმოებაში.  

 

დღის ოსტატი

მარიამ ჟუჟუნაძე

ინტერიერის აქსესუარი

ნამუშევრები: ტექსტილი,ქსოვა,თელვა