ქსოვილები

საქართველოში ქსოვილის წარმოებას უძველესი დროიდან მისდევდნენ. შესაბამისად, საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ქსოვილის დამზადების და დამუშავების ტექნოლოგიური და მხატვრული ხერხები იქნება ეს დაზგაზე თუ ჩხირზე ქსოვა, თელვა, ქარგვა, ქსოვილის დაჩითვა თუ სხვა.   
ხელსაქმეში დაოსტატება ქალისთვის ოდითგანვე აუცილებელი მოვალეობა იყო. შესაბამისად, ისინი ბავშვობიდანვე სწავლობდნენ მატყლის, სელის, კანაფის, აბრეშუმის დამუშავებასა და ღებვას. ქსოვილებისა და ძაფების შესაღებად ბუნებრივი საღებავები გამოიყენებოდა, რასაც “ტუტისღებვა” ეწოდებოდა. 
თექის წარმოების კვალს საქართველოში უძველესი დროიდან ვხვდებით. მისი განვითარების ისტორია ძირითადად მთიან რეგიონებს უკავშირდება (თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, სვანეთი, ზემო რაჭა, ჯავახეთი და ა.შ.). სამატყლე ჯიშის ცხვარი განსაკუთრებით გავრცელებული იყო თუშეთში. ამდენად, საუკეთესო ნაწარმად საქართველოში თუშური თექა მიიჩნევა, რომელიც მარტივი და დახვეწილი ორნამენტით გამოირჩევა. მოთელილი მატყლისგან ძირითადად სამოსელი და ინტერიერის აქსესუარები მზადდებოდა. 
მხატვრული ხერხებისა და შესრულების ტექნიკის მრავალფეროვნებით გამოირჩევა ქართული ნაქარგობა, რომელიც გამოიყენებოდა როგორც საეკლესიო ნივთების შესამკობად, ისე საერო სამოსის და საყოფაცხოვრებო ნივთების და აქსესუარების გასაფორმებლად. 
შუა საუკუნეების ნაქარგობის მდიდარი კოლექცია, რომელიც მოიცავს ლიტურგიული დანიშნულების ნივთებს: გარდამოხსნებს, სამღვდელო პირთა შესამოსელს და ა.შ., ძირითადად ოქრომკედითაა შემკობილი. ნაქარგობაზე არსებული საქტიტორო წარწერები, ეკლესია-მონასტრების ცხოვრების წესის აღმნუსხველი დოკუმენტები მიგვანიშნებს, რომ საეკლესიო დანიშნულების ნაქარგობა ეკლესია-მონასტრებსა და დიდგვაროვან ოჯახებში იქმნებოდა. შესაბამისად, ქართული საეკლესიო ნაქარგობის ჩვენამდე მოღწეული ბრწყინვალე ნიმუშები შესრულების მაღალი ოსტატობით და ფერთა დახვეწილი შეხამებით გამოირჩევა, რაც მათ შუა საუკუნეების ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ნიმუშებად აქცევს.
ნაქარგობას არანაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა სხვადასხვა კუთხის სამოსის გაფორმებაში, იქნება ეს ქალის გრძელი, სარტყლით და ჩიხტიკოპით დამშვენებული კლასიკური ქართული კაბა, თუ მთიანი რეგიონების სამოსი. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია ხევსურული სამოსელი _ ”ტალავარი”, რომელიც მუქი ლურჯი ან შავი შალისგან (ტოლი) იკერებოდა. ქალის სამოსი შედგებოდა “სადიაცოსგან” და ზემოდან მოსასხამი “ქოქლოსგან”, რომელიც გეომეტრიული ორნამენტის რთული აპლიკაციით, ჯვრული ნაქარგობით და წვრილი მძივის შემკულობით იყო მორთული. მორთულობისთვის ასევე გამოიყენებოდა ლითონის მონეტები, ძვლის ღილები, რომლებსაც საკრალური ფუნქცია ჰქონდა. ნაქარგობით იყო გაფორმებული მამაკაცის სამოსიც “სამხედრიონი”, რომელიც  დაფარული იყო ჯვრისა და მნათობთა სიმბოლოებით. სამოსის განუყოფელი ნაწილი იყო ნაქსოვი წინდები, ხშირად “დაშიბვის” ტექნიკით შესრულებული პაჭიჭები, “თათები”, ან ჩითები. 
საქართველოში ტრადიციული რეწვის მნიშვნელოვანი დარგი იყო ხალიჩებისა და ფარდაგების ქსოვა, რომელიც ჯერ კიდევ ნეოლითის ხანა იღებს სათავეს. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვ. წელთაღრიცხვის III ათასწლეულით დათარიღებული ილტოს ნამოსახლარი, სადაც აღმოჩნდა ვერტიკალური საქსოვი დაზგისა და საბეჭურის ფრაგმენტი. აგრეთვე ბედენის #15 სამარხი (ძვ. წ. XIX ს.), სადაც საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ქსოვილის, თექისა და ფარდაგის უძველესი ფრაგმენტები იქნა მოკვლეული. საქართველოში მეხალიჩეობის კერები იყო კახეთში, თუშეთში, ხევსურეთში, სამხრეთ საქართველოში (ახალციხე) და სხვა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ხევსურული და თუშური ხალიჩებისა და ფარგადების მუქი ფერების თავშეკავებული პალიტრა, რომელიც განსხვავდება მეზობლად მდებარე ბარის კახეთში შექმნილი ნამუშევრების ფერთა გამისგან, რომლებშიც, თავის მხრივ, აღმოსავლური გავლენები ჭარბობს. 
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მეაბრეშუმების ტრადიციები, რომლის ისტორიაც საქართველოში სავარაუდოდ, V საუკუნეში იწყება. აბრეშუმის პარკი და მისი ნაწარმი საქართველოს სპარსეთის ბაზარზე გაჰქონდა. მეაბრეშუმეობის განსაკუთრებული აღმავლობა შეინიშნება XIX-XX სს-ში, როდესაც ქართული აბრეშუმის ექსპორტი ქვეყნისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იყო.
ქსოვილის მხატვრული გაფორმების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ე.წ. “ლურჯ სუფრას”, რომელიც XIX საუკუნეში ფართოდ გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. `ლურჯი სუფრა” ქსოვილის “ნეგატიური” ღებვის ტექნიკით იქმნებოდა. ქსოვილზე ნახატი ხის საჩითავი ყალიბებით დაიტანებოდა. “ლურჯი სუფრისთვის” ტიპიური ორნამენტული მოტივები და ზოომორფული  და ანტროპომორფული გამოსახულებები (ირმები, ლომები, თევზები, ჩიტები და სხვა) ხშირად უძველეს ხალხურ ორნამენტის მოტივებიდანაა ნასესხები. ცნობილია, რომ “ლურჯი სუფრა” მხოლოდ სადღესასწაულო შემთხვევებში იშლებოდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს აღნიშნულ გამოსახულებათა საკრალურ მნიშვნელობაზე. ქსოვილი გაფორმებას საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ახასიათებდა ორნამენტის სისადავე და ბუნებრივი საღებავებით მიღებულ ფერთა შეხამების თავშეკავებული ხასიათი, რაც თავის მხრივ, ქართული ხელოვნების ზოგადი, ყველა დარგისთვის საერთო თავისებურებაა. 

დღის ოსტატი

როლანდ ოდიშელიძე

იარაღი

ნამუშევრები: ლითონის დამუშავება