ოსტატი
გოჩა ლაღიძე
ჰოლანდიაში, ქ. როზენდალში მცხოვრები ქართველი მესაჭურვლე და მხატვარ- რესტავრატორი გოჩა ლაღიძე ცივი იარაღის დამსახურებული ოსტატია. გოჩა ლაღიძის ნამუშევრები მსოფლიოს არაერთ მუზეუმსა თუ პირად კოლექციაშია დაცული. ის მრავალი საერთაშორისო გამოფენის თუ კონკურსის გამარჯებული, და ორგანიზატორია. მეიარაღე ოსტატი ძირითადად ორი მიმართულებით მუშაობს- ქმნის ტრადიციულ იარაღს და საჭურველს და ასევე მოღვაწეობს რესტავრაცია-კონსერვაციის დარგში.
გოჩა ლაღიძის ინტერესი დარგის მიმართ ადრეულ ასაკში დაიწყო, როდესაც ისტორიის მასწავლებელმა პირველად გააცნო მას ქართველი რაინდების გმირული ცხოვრება-მოღვაწეობა და მათი საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშები, რომლის შესანიშნავი კოლექცია ბატონმა გოჩამ 14 წლის ასაკში მის ოჯახში იხილა. სწორედ ამის შემდეგ მეიარაღე ოსტატმა გადაწყვიტა თავისი ხელით მუზარადი დაემზადებინა. ასე შეიქმნა პირველი ნამუშევარი, ე.წ. “გუდამაყრული ჩაბალახი”. 1994 წლიდან გოჩა ოჯახთან საცხოვრებლად გადადის ნიდერლანდების სამეფოში,ქ. როზენდალში, სადაც მას სახელმწიფო თუ კერძო დაკვეთით წლების მანძილზე შესრულებული აქვს ბევრი ნამუშევარი. ნიდერლანდების კულტურის სამინისტროს მიერ გოჩა ლაღიძის შესრულებული კომპოზიციები განსაკუთრებული კულტურული ღირებულების მქონე ნიმუშებად იქნა მიჩნეული.
მისი კოლექციები დაცულია ნიდერლანდების სახელმწიფო კოლექციაში, 2013 წელს კი მას ნიდერლანდების ოქრომჭედელთა გილდიის ოსტატის წოდება მიენიჭა. ბატონი გოჩა დღემდე განაგრძობს მუშაობას და საზღვარგარეთ გაბნეული ქართული კულტურული ფასეულობების, ისტორიული საჭურველ-იარაღის, კვლევას და დაფიქსირებას. გამოფენებზე ის მუდმივად წარმოადგენს ძველი ქართული საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშებს.
„დამიჯერეთ, ბავშვობიდან ვოცნებობდი ევროპელი რაინდების აღჭურვილობის დამზადებაზე… ახლა თითქოს სიზმარში ვცხოვრობ, ოცნება ავისრულე… ალბათ, არაცნობიერად ამიტომაც მიზიდავდა ევროპა, ერთ-ერთი ქვეცნობიერი მიზეზი იყო, რატომაც წავედი ჰოლანდიაში, სწორედ ჩემი ბავშვობის დროინდელი ოცნება იყო. ეს ნაბიჯი განგების ნებად მიმაჩნია“ – ამბობს ოსტატი. როგორც თავად აღნიშნავს – ორი სამშობლო არ არსებობს და ყველა გზა მაინც შინისკენ ბრუნდება, საბოლოოდ… ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ოსტატს, მას თავისი საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქართული ტრადიციული დარგის შენარჩუნებასა და განვითარების საქმეში.