სახელოსნო

...
სოციალური საწარმო იკორთა

იურიდიული პირი

სოციალური საწარმო იკორთა დაარსდა 2012 წელს, რომელიც ტრადიციულ ხელობას სოციალურ მისიასთან აერთიანებს. ტიხრული მინანქრის სამკაულების შექმნით სახელოსნო მრავალსაუკუნოვან ქართულ ტრადიციებს ინარჩუნებს, ამავდროულად კი დევნილ და ხელოვან ქალებს დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

იკორთას ისტორია მის ოფიციალურ დაარსებამდე იწყება. 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს, დამფუძნებლებს მოუწიათ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები ახალგორსა და სამაჩაბლოში და თავშესაფარი იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში, წეროვანში ეპოვათ. იძულებით გადაადგილებამ, გაურკვევლობამ და ცხოვრების თავიდან დაწყების აუცილებლობამ მათ უბიძგა შეექმნათ სივრცე, სადაც შემოქმედება არა მხოლოდ თვითგამოხატვის, არამედ გაძლიერების, განკურნებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის საფუძველი გახდებოდა.


2012 წელს დაარსებული იკორთა შეიქმნა იმისთვის, რომ ქართველ ხელოვან ქალებს დასაქმების, პროფესიული განვითარების და საკუთარი შესაძლებლობების ხელახლა აღმოჩენის საშუალება მისცემოდა. წლების განმავლობაში სტუდია ჩამოყალიბდა შემოქმედებით სახელოსნოდ, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ტრადიციულ ხელობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საზოგადოების გაძლიერება და ცხოვრების ახალი შესაძლებლობების შექმნა.


სტუდია სპეციალიზებულია ტიხრული მინანქრის ხელნაკეთი სამკაულების შექმნაში, რომლებიც ქართული კულტურული მემკვიდრეობითაა შთაგონებული. ნამუშევრების დიზაინში ხშირად იკითხება ქართული ტრადიციული ტექსტილის ორნამენტებისა და დეკორატიული მოტივების თანამედროვე ინტერპრეტაცია, რომლებიც ტიხრული მინანქრის ტექნიკით სრულიად ახალ მხატვრულ სახეს იძენს. თითოეული სამკაული გამოირჩევა ექსკლუზიური დიზაინით, ორიგინალურობითა და მაღალი ხარისხის შესრულებით, სადაც ისტორიული მემკვიდრეობა თანამედროვე მხატვრულ ხედვას ერწყმის. იკორთასთვის სამკაული მხოლოდ დეკორატიული ნივთი არ არის თითოეული ნამუშევარი მეხსიერების და იმედის ისტორიას გვიყვება.


სამკაულების კოლექციების შექმნის პარალელურად, სტუდია აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში, კულტურულ ღონისძიებებში, სადაც თემატურ კოლექციებს წარადგენს. იკორთა ასევე რეგულარულად ატარებს ტიხრული მინანქრის შემსწავლელ კურსებსა და მასტერკლასებს, რითაც ხელს უწყობს ამ ტრადიციული ხელობის ცოდნის გადაცემას ახალი თაობებისთვის.


სტუდიის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ხარისხია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მაღალი ხარისხის, უნიკალური და ხელმისაწვდომი სამკაულების შექმნას, რომლებიც ერთდროულად ასახავს ქართული ხელოვნების ტრადიციებს და თანამედროვე დიზაინის შესაძლებლობებს.