სახელოსნო

...
ხეკუთხედი

იურიდიული პირი
თბილისი

2019 წელს თბილისში გიორგი რობაქიძემ და ელენე ჩლაიძემ დააარსეს სახელოსნო ხეკუთხედი, სადაც ხე და კერამიკა გარდაიქმნა ერთიან მხატვრულ ენად. სახელწოდება ხეკუთხედი შთაგონებულია ქვაკუთხედის იდეით, თუმცა მისი ხის მასალაში გადააზრებით, რაც სახელოსნოს შემოქმედებითი ხედვისა სიმბოლოდ იქცა.


სტუდიის დამფუძნებელებს საკუთარი პროფესიული მიმართულება აქვს. გიორგი ხეზე მუშაობისა, ხოლო ელენე კერამიკის მიმართულებას ხელმძღვანელობს. მათთვის არც ერთი მასალა არ წარმოადგენს მეორის დეკორატიულ ელემენტს – ხეც და კერამიკაც თანაბარი მნიშვნელობის მქონე დამოუკიდებელი მედიუმებია. შემოქმედებითი პროცესი კერამიკული ფორმის შექმნით იწყება, რის შემდეგაც ხის კონსტრუქცია სწორედ ამ ფორმის შესაბამისად იქმნება. შედეგად იბადება ნამუშევრები, რომლებიც ფუნქციურობასა და მხატვრულ გამომსახველობას ორგანულად აერთიანებს.


თითოეული ნამუშევრის კონცეფცია ერთობლივი მუშაობის შედეგია. გიორგი ქმნის და ამუშავებს ხის ფორმებს, ელენე კი წარმართავს კერამიკულ პროცესს, თუმცა დიზაინთან, კომპოზიციასთან, ორნამენტებთან და დეკორატიულ დეტალებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება ერთად მიიღება. იდეების მუდმივი გაცვლა და ერთმანეთის შემოქმედებითი პროცესის დახვეწა მათი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, რის გამოც ყოველი ნამუშევარი დიალოგის, სიზუსტისა და თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს.


ქართული კულტურა და განსაკუთრებით ტრადიციული რეწვა და კერამიკის მიმართულება, მათი შთაგონების მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული ორნამენტებისა და არქიტექტურული მოტივების პირდაპირ გამეორებას არ ისახავენ მიზნად, ისინი ამ მემკვიდრეობას თანამედროვე ინტერპრეტაციით აცოცხლებენ. სწორედ ტრადიციისა და ექსპერიმენტის ეს ბალანსი განსაზღვრავს მათ უნიკალურ მხატვრულ ენას.


სახელოსნოში საქმიანობის პარალელურად, გიორგი და ელენე 2019 წლიდან ასწავლიან მომავალ ოსტატებს და ახალგაზრდა შემოქმედებს. მათთვის სწავლება მხოლოდ პროფესიული ცოდნის გაზიარება არ არის – ეს ორმხრივი შემოქმედებითი პროცესია. ბავშვებისა და დამწყები ხელოვანების უშუალობა, წარმოსახვის თავისუფლება და განსხვავებული ხედვა ხშირად ახალი იდეების წყაროდ იქცევა.