...
შორენა ჯანხოთელი

591 550 058

Shorena0387@gmail.com

ფიზიკური პირი
თბილისი

შორენა ჯანხოთელი ქსოვითა და კერვით ბავშვობაში პროფესიით მკერავმა ბებიამ დააინტერესა. სტუდენტობის, დაოჯახებისა და სამსახურის გამო ოსტატს საყვარელი ხელსაქმის დროებით მიტოვება მოუწია, თუმცა მის მიმართ ინტერესი და ლტოლვა არ განელებია. 2020 წელს, პანდემიის დროს, როდესაც ყველაფერი დისტანციურ რეჟიმში გადავიდა, ოსტატს საშუალება მიეცა დაბრუნებოდა ძველ ხელსაქმეს, რაც პარალელურად მას ერთფეროვნებასთან და სტრესთან გამკლავებაში ეხმარებოდა: „უამრავი შეზღუდვის და სტრესის ფონზე, გადავწყვიტე საახალწლო განწყობა ჩემით შემექნა პირველ რიგში ჩემი შვილებისთვის. მინდოდა მათთვის გამეკეთებინა ჩემი უსაყვარლესი, დადებითი პერსონაჟი - გნომი“. გნომი, რომელიც ქალბატონი შორენას საქმიანობის ერთ-ერთ წამყვან პერსონაჟად იქცა, მისთვის მისტიური და დადებითი არსებაა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს ზღაპრული სამყაროსკენ უღებს კარს: „ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემმა ნივთებმა ადამიანებს გაუღვიძოს მოგონებები და შეუქმნას ხალისიანი და ბედნიერი სადღესასწაულო განწყობები“. პირველი ნაკეთობების მიმართ ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხრიდან გამოხატული მოწონება ოსტატისთვის დიდ მოტივაციად იქცა ფართო საზოგადოებისთვის გაეცნო საკუთარი ნამუშევრები და უფრო მეტი ადამიანი გაებედნიერებინა მათი მხიარული და ფერადი ვიზუალით. ქალბატონი შორენას შთაგონების წყაროს ბუნებისადმი მისი დიდი სიყვარული წარმოადგენს. ნამუშევრებისთვის მიმართავს ბუნებრივ მასალასა და ვინტაჟურ დეტალებს, რომელთაც იგი ახალ ფუნქციას ანიჭებს. მუშაობის პროცესში ოსტატისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს: ფერთა გამის შერჩევას, რომელსაც იგი თავისებურად გადაწყვეტს; ნივთების ხარისხსა და უნიკალურობას. ქალბატონი შორენა აქტიურად და დაუღალავად აგრძელებს მუშაობას საკუთარი ბრენდის „პუმილიოს“ გაფართოებაზე. სადღესასწაულო დეკორაციების გარდა, სამომავლოდ გეგმავს ნამუშევრების ქართული ტრადიციული ელემენტებით დატვირთვას.