ტრადიციული რეწვის სახელოსნოების პირველი საერთაშორისო ფესტივალი
14-16 სექტემბერს ქ. ახალციხეში, ციხის ტერიტორიაზე საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ გამართა ტრადიციული რეწვის სახელოსნოების პირველ საერთაშორისო ფესტივალი.
საერთაშორისო ფესტივალის მიზანია: ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაცია; ტრადიციული ხელოსნობის დარგებისა და სახელოსნოების ინსიტიტუტის აღდგენის ხელშეწყობა; სახელოსნოების, როგორც ტურისტული ატრაქციის წარმოჩენა.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი და საერთაშორისო ტრადიციული რეწვის სახელოსნოების და ოსტატების საქმიანობის სადემონსტრაციო აქტივობები - ღია მასტერკლასები (კერამიკის ამოყვანა და მოხატვა, ფილიგრანი, მეიარაღეობა, ბუნებრივი საღებავებით ღებვა, ფარდაგის ქსოვა, თელვა, მუსიკალური საკრავების დამზადება და სხვა). სახელოსნოებთან მოეწყო მცირე ზომის სტენდები ტრადიციული რეწვის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვისთვის. სხვადასხვა დარგის ოსტატების სადემონსტრაციო ჩვენებები ერთ სივრცეში საშუალება მისცა თითოეულ ოსტატს წარმოაჩინა თავისი ხელობის უნიკალურობა და სახელოსნოების მომსახურეობა.
ახალციხე ისტორიულად შინამრეწველობის ერთერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო და გამოირჩეოდა ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მრავალფეროვნებით. ადგილობრივი და მოწვეული ოსტატების რესურსის გამოყენებისა და ისტორიული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე სახელოსნოების მოწყობის შესაძლებლობის გამო ახალციხეს უნიკალური შესაძლებლობა აქვს გადაიქცეს საქართველოში ტრადიციული რეწვის ერთ -ერთ გამორჩეულ ადგილად.
საერთაშორისო ფესტივალი ახალციხის ციხესიმაგრის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კულტურული ანიმაციის ერთ-ერთ მცდელობაა, რაც სამომავლოდ შესაძლოა პერმანენტულ აქტივობაშიც გადაიზარდოს. საქართველოში ტურისტული სერვისების მრავალფეროვნებამ და კულტურული ტურიზმის თანამედროვე მიდგომებმა გამოიწვია მზარდი ინტერესი ტრადიციული რეწვის ცალკეული ოსტატებისა და სახელოსნოებისადმი. საქართველოში სახელოსნოების მზარდ ეკონომიკური პოტენციალზე მეტყველებს ტრადიციული რეწვის სახელოსნოს რამდენიმე წარმატებული მაგალითიც.
ფესტივალის აქტივობები:
- ღია სახელოსნოები - მასტერკლასები. ღია მასტერ-კლასები ჩაატარეს ტრადიციული რეწვის მოწვეული ოსტატები საქართველოდან, თურქეთიდან, ლატვიიდან, ყაზახეთიდან ყირყიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან და უზბეკეთიდან.
- ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ნაკეთობების (ნიმუშების) გამოფენა-გაყიდვა.
- გამოფენა “19-20 საუკუნის ტრადიციული რეწვის სახელოსნოები საქართველოში“- სახელოსნოების მაკეტები და ფოტომასალა საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან.
- ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისთვის;
- ტრენინგი რეწვის ოსტატებისათვის - „სერვისის განვითარება ტრადიციული რეწვის სახელოსნოებისათვის”
- ინფო-ტური ტურისტული სააგენტოებისათვის. თითოეული სახელოსნოს წარდგენა- პრეზენტაცია. ინფორმაცია რეგიონებში არსებული რეწვის სახელოსნოების მუშაობის, პროდუქციისა და შეთავაზებების შესახებ. საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლა.
- რეწვის ოსტატებისა და თანამედროვე არტისტების კოლაბორაცია ინსტალაციები;
- „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების“ პუბლიკაციის პრეზენტაცია
- საჯარო ლექციები ტრადიციული რეწვის შესახებ
ფესტივალი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და USAID Zrda Activity in Georgia -ს დაფინანსებით.
გვერდის მასალა