ქართული არტიზანული პროდუქციის მარკეტინგული და ექსპორტის პოტენციალის ხელშეწყობა
პროქტი „ქართული არტიზანული პროდუქციის მარკეტინგული და ექსპორტის პოტენციალის ხელშეწყობა“ განხორციელდა USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საბაზრო კავშირების დამყარებასა და საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებას. ღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების DCFTA-ის ფარგლებში, ქართული საწარმოებისთვის ორმაგად პრიორიტეტულია პარტნიორობა ევროკავშირში არსებულ საერთაშორისო ბრენდებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ითანამშრომლონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ საწარმოებთან. შესაბამისად ქართული კომპანიების წახალისება და საერთაშორისო ასპარეზზე კავშირების გამყარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ბრენდის განვითარებისთვის და გაყიდვების ზრდისთვის.
პროექტის ფარგლებში გამოიცა ექსპორტის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია რეწვის ოსტატებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ბაზრებზე. გზამკვლევი მოიცავს სრულ ინფორმაციას, პროდუქციის საექსპორტოდ მომზადებიდან, სამიზნე ბაზრებზე არსებული იმპორტის რეგულაციების ჩათვლით. გამოცემაში ასევე მიმოხილულია თანამედროვე დასავლეთის ბაზრის ტრენდები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქართველოში წარმოებული რეწვის პროდუქციის ექსპორტისთვის. სახელმძღვანელო ასევე მოიცავს ინფორმაციას რეწვის პროდუქციის ელექტრონული კომერციის საკითხებზე და ამ მიმართულების საერთაშორისო გამოფენებზე.