ოსტატი
რუსუდან ბარნოვი
598 258 553
rusudan.barnovi@gmail.com
ქსოვის, ქარგვის და კერვის ოსტატი რუსუდან ბარნოვი პროფესიით მხატვარია, თუმცა 10 წელზე მეტია დაკავებულია ტრადიციული ხელსაქმით და ქმნის ხელნაკეთ აქსესუარებს. აღნიშნული ხელობები ოსტატმა შეისწავლა დამოუკიდებლად და დროთა განმავლობაში დახვეწა და განავითარა. რუსუდანმა ჩამოაყალიბა საკუთარი ბრენდი „ბარნოვი“, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის სხვადასხვა ხაზს. ესენია როგორც ქალის ისე მამაკაცის, ასევე ბავშვის ტანისამოსსა და აქსესუარებს. როგორც ოსტატი აღნიშნავს, განსაკუთრებულად მოთხოვნადია თმის სამაგრები, ბაფთები, სამაჯურები და სამკაული. აქსესუარების დასამზადებლად ის იყენებს ქსოვილს, ტყავს, ბუნებრივ ქვებს, მდინარის მარგალიტებს და მეტალს. სამოსის შესაქმნელად კი იყენებს ორ განსაკუთრებულ ტექნიკას: ეს არის ტამბურული ხელოვნება, იგივე ლუნევილური ქარგვის ტექნიკა და ბრაზილიური ქარგვა. „გარდა იმ ტექნიკებისა რასაც ვფლობ, პარალელურად დავინტერესდი და დამოუკიდებლად შევისწავლე 3D ქსოვის ტექნიკა, რომელიც ეხება უშუალოდ ბისერით ქსოვას. ამას გარდა, აქტიურად ვგეგმავ ჩემი არსებული პროდუქციის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას და ახალი ხაზისა თუ აქსესუარების დამატებას.“- ამბობს ოსტატი. რუსუდანი მუდმივად ცდილობს განვითარდეს და შეისწავლოს ახალი დარგები და ტექნიკები, ამდენად სამომავლოდ მას სურს, რომ დაიწყოს ავეჯის განახლება დეკუპაჟის ტექნიკით, რაც, როგორ აღნიშნავს, მისი ბრენდის კიდევ ერთი მიმართულება იქნება. „ზოგადად ძალიან მიყვარს ეროვნული სამოსი, რომლის ელემენტებიც დატანილი მაქვს თანამედროვე სამოსზე და აქტიურად ვიყენებ ყოველდღიურობაში. ამ ხაზით დაგეგმილი მაქვს მომავალში მუშაობაც და სხვადასხვა პროდუქციის შექმნა. ჩემს პროდუქციას განსაკუთრებულს, უცხოს და უნიკალურს სწორედ მრავალფეროვანი ცოდნა და შერეული ტექნიკა ხდის. ხარისხიანი პროდუქციის შექმნა და ხელმისაწვდომი ფასები კი ჩემი მთავარი ამოცანაა, ამიტომ მუდმივად ვზრუნავ ბრენდის რეპუტაციაზე.“- აღნიშნავს ოსტატი. გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნისა ოსტატი ასევე ასწავლის კასპის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ხელნაკეთი აქსესუარების შექმნას. რუსუდანი აქტიურად იღებს მონაწილებას სხვადასხვა პროექტებში, გამოფენა გაყიდვებში. მალე მისი ნამუშევრები გაიყიდება ჩვენ მაღაზია „ეთნოდიზაინში“.