ტრადიციული რეწვის სახელოსნოების II საერთაშორისო ფესტივალი
28-30 ივნისი, 2019 ქ. ახალციხეში, ციხის ტერიტორიაზე საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან თანამშრომლობით მართავს ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალს.
ფესტივალი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, USAID პროექტის ზრდა საქართველოში და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით. ფესტივალს ასევე მხარს უჭერს GIZ/IBIS პროექტი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და დუშეთის მუნიციპალიტეტი.
საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაციას და სახელოსნოების, როგორც ტურისტული ატრაქციის წარმოჩენას ისახავს მიზნად.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ადგილობრივი და საერთაშორისო ტრადიციული რეწვის სახელოსნოების და ოსტატების საქმიანობის სადემონსტრაციო აქტივობები - ღია მასტერკლასები (კერამიკის ამოყვანა და მოხატვა, მეიარაღეობა, ბუნებრივი საღებავებით ღებვა, ფარდაგის ქსოვა, თელვა, ქსოვილების დაჩითვა, მუსიკალური საკრავების დამზადება და სხვა). სახელოსნოებთან მოეწყობა მცირე ზომის სტენდები ტრადიციული რეწვის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვისთვის. სხვადასხვა დარგის ოსტატების სადემონსტრაციო ჩვენებები ერთ სივრცეში საშუალებას მისცემს თითოეულ ოსტატს წარმოაჩინოს საკუთარი ხელობის უნიკალურობა და სახელოსნოების მიერ შეთავაზებული მომსახურება.
ახალციხე ისტორიულად ხელოსნობისა და ხელსაქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მრავალფეროვნებით გამორჩეული ცენტრი იყო. ადგილობრივი და მოწვეული ოსტატების რესურსის გამოყენებისა და ისტორიული ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე არსებული შუა საუკუნეების და ბოლო დროის რეაბილიტაციის დროს აგებული ნაგებობების სიმრავლე ტრადიციული სახელოსნეობის გაცოცხლების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.
ამასთანავე, ტურიზმის თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად, სულ უფრო მეტი ინტერესი ჩნდება ტრადიციული რეწვის ინტერაქტიული სახელოსნოებისადმი. სახელოსნოების მზარდ ეკონომიკური პოტენციალზე მეტყველებს ტრადიციული რეწვის სახელოსნოს არაერთი წარმატებული მაგალითი საქართველოსა და მთელს რეგიონში.
ფესტივალი მოიცავს შემდეგი ტიპის აქტივობებს:
- ღია სახელოსნოები - მასტერკლასები. ღია მასტერ-კლასებს ჩაატარებენ ტრადიციული რეწვის მოწვეული ოსტატები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან, ყაზახეთიდან , უზბეკეთიდან და სხვ.
- ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ნაკეთობების (ნიმუშების) გამოფენა-გაყიდვა.
- გამოფენები: ექსპონატები სამუზეუმო კოლექციებიდან;
- რეწვისოსტატებისა და თანამედროვე არტისტების კოლაბორაცია ინსტალაციები;
- საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისთვის;
- საჯარო ლექციები
- ტრეინინგები რეწვის ოსტატებისათვის;
- ინფო-ტური ტურისტული სააგენტოებისათვის, რათა დეტალურად გაეცნონ თითოეული სახელოსნოს პროდუქციასა და შეთავაზებებს.
- ტრადიციული რეწვის სახელოსნოების გზამკვლევების (სამცხე-ჯავახეთი, ახმეტა, სამეგრელოს) პრეზენტაცია.
გვერდის მასალა