საქართველოში კერამიკის წარმოება უძველესი დროიდან იწყება.ქართულ კერამიკას განსაკუთრებით გამოარჩევს ღვინის ჭურჭლის მრავალფეროვნება, რაც, თავის მხრივ, მჭიდრო კავშირშია მეღვინეობის უძველეს ტრადიციებთან.ქვევრი, კულა, ხელადა, აზარფეშა, დოქი, ფიალა, სურა, მარანი - ზიარჭურჭლის ნაირსახეობა, რომელიც, თავის მხრივ, ზოომორფული და ანტროპომორფული ფორმების უჩვეულო სიმდიდრით ხასიათდება, ჭინჭილა, ხელადა და მრავალი სხვა ამის ნათელი დადასტურებაა. თიხის ნაკეთობის პირველი ნიმუშები ჯერ კიდევ ნეოლითის ხანის ანუ ძველი წელთაღრიცხვის VIII ათასწლეულს მიეკუთვნება.ისინი ძირითადად ხელნაკეთია და სუსტი გამოწვითა და გაკრიალებით, ვარდისფერი ან რუხი ფერით, მარტივი ფორმებით, ჭდეული გეომეტრიული ორნამენტითა და ნაძერწი კოპებით ხასიათდება. ნეოლითის ხანის მსგავსად მომდევნო ხანის, ანუ ენეოლითის კერამიკა (VI-Vათასწლეული) კვლავ ხელნაკეთია, თუმცა ჩნდება ჯამები და დოქები, ყურებიანი ჭურჭელი, გვხვდებარელიეფური დაკლაკნილი ზოლებით გაფორმებული,მოხდენილი, კარგად გაკრიალებული ნაკეთობანი.

კერამიკის წარმოება განსაკუთრებით მაღალ დონეზე ადის ადრე ბრინჯაოს ხანაში (III ათასწლეული), როდესაც მთელ სამხრეთ კავკასიაში "მტკვარ-არაქსის" კულტურაყალიბდება. ამ დროს ჩნდება ახალი ტიპის-შებოლილი კერამიკა: ჩარხის გარეშე დამზადებული შავი და რუხი ფერის ნაწარმი, რომელშიც იმატა ფორმათა მრავალფეროვნებამ.სპირალების, ჩიტების გამოსახულებებით და სხვა სიუჟეტური კომპოზიციებითგამდიდრდა რელიეფურად ნაძერწი დეკორი. შუა ბრინჯაოს ხანის კერამიკა (III ათასწლეულის დასასრული IIათასწლეულის I ნახევარი), რომელიც დიდ ყორღანულ სამარხებშია მოპოვებული, გვაოცებს თავისი მაღალმხატვრულობით და შესრულების დახვეწილიტექნიკით. დიდი ზომის ჭურჭელი: პითოსები, ჰიდრიები შემკულია რელიეფური დეკორით. ცალკე ჯგუფს ქმნის მოხატული კერამიკა, რომელზეც ნახატი თიხაზე ყავისფერით ან მუქწითელ ფონზე შავი ფერით კეთდება. გვიან ბრინჯაოს ხანის კერამიკა (ძვ. წ. ა.XV-VII სს.) უკვე მორგვზე კეთდება. ხასიათდება შავი ან რუხი ფერით და შემკულია გეომეტრიული ორნამენტით. ისტორიულ კოლხეთში ჭურჭელს უკეთდება ზოომორფული ყურები, აღმოსავლეთში ანუ იბერიაში კი დამოწმებულია ფორმებისა და ზოომორფული მოტივების სიმრავლე. აქვე II ათასწლეულის დასასრულს ჩნდება მოჭიქული კერამიკაც. ანტიკური ხანის კერამიკა - დიდი კოლხური პითოსები შემკულია ჰორიზონტალური ზოლებით და ვერტიკალური რელიეფური ხაზებით. შებოლილ კერამიკაზე გვხვდება ბრინჯაოს ნაკეთობებისათვის დამახასიათებელი ზოომორფული გამოსახულებებიც. ელინისტური პერიოდის კერამიკა კოლხეთში იგივე ხასიათისაა, მრავლად მზადდება ამფორები. ჩნდება ბერძნული კერამიკული ნაწარმის მიბაძვა. აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელია წითელი საღებავით გაფორმება და თიხის ფერის შენარჩუნება. აქ გავრცელებული ფორმაა ცალყურა დოქი, ზოგჯერ სამტუჩა პირით.განსაკუთრებით აღსანიშნავია მოხატული, დიდი ზომის პითოსები, სადაც ორნამენტულ ზოლებს შორის მოთავსებულია სიუჟეტური კომპოზიციები - ნადირობის, ბრძოლის სცენებით. შუა საუკუნეების პერიოდის კერამიკა (IV-XVIII სს.) ფორმათა მრავალფეროვნებით და მოჭიქული კერამიკის წარმოებით ხასიათდება.აქ ხშირად ვხვდებით ორნამენტულ მოტივებში ჩართულზოომორფულ და ანტროპომორფულ გამოსახულებებს. თუ IX-X საუკუნის კერამიკა ხან ამოკაწრული, ხანაც საღებავით დატანილი მცენარეული ორნამენტით გაფორმებული, მთლიანად მოჭიქული დაბალი და ღრმა ჯამებითაა წარმოდგენილი, XI-XIII საუკუნის ნაწარმი ფორმების მრავალფეროვნებით (ჯამები, ხელადები, სასმისები, ჭრაქები, სამარილეები) მწვანე, ცისფერი ან ღია შინდისფერი, იშვიათად ლურჯი ჭიქურით ხასიათდება, რომელიც ჭურჭლის მხოლოდ შიდა ნაწილს ფარავს, გარე მხარე კი მოუჭიქავი რჩება. ორნამენტული მრავალფეროვნებით ხასიათდება ჯამები, სადაც ვხვდებით როგორც ამოკაწრული ორნამენტით გაფორმებულ ერთი ფერის ჭიქურით დაფარულ ჯამებს, ისე მრავალი ფერით მოჭიქულ ჯამებს, რომლებზეც ვხვდებით ჯვრების, გეომეტრიულ და მცენარეულ, ზოომორფულ და ანტროპომორფულ გამოსახულებებს. შუა საუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზეძირითად კერამიკულ ცენტრებს წარმოადგენდა თბილისი, დმანისი, რუსთავი, იყალთო, კასპი, გუდარეხი. აღნიშნულ ცენტრებში წარმოებული კერამიკა ამიერკავკასიის და ახლოაღმოსავლურ ნაკეთობებთანიჩენს სიახლოვეს. საქართველოში მონღოლთა შემოსევებით გამოწვეული წყვეტის შემდეგ მხოლოდ XVIII საუკუნეში ხდება კერამიკული წარმოების აღორძინება. ამ დროს უმეტესად მზადდება მოხატული კერამიკა. XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში ფართოდ ვითარდება ხალხური კერამიკა, როგორც მოუჭიქავი, ისე მოჭიქული. ამ პერიოდის საქართველოში აღირიცხებოდა კერამიკული წარმოების ორმოცდაათამდე ცენტრი, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ბოდბისხევი, მაჩხაანი, თელავი, ვარდისუბანი, რუისპირი, ნინოწმინდა, კაკაბეთი, თბილისი, მცხეთა, გორი, შროშა, დაბლაგომი, საირმე, წალენჯიხა, ნაგომარი. განსაკუთრებით პოპულარული იყო გორის მოჭიქული კერამიკა, რომელიც თავისი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა: აქ მზადდებოდა როგორც ყვითელჭიქურიანი მწვანე საღებავით მოხატული კერამიკა, ისე მოიასამნისფრო ჭიქურზე მწვანე ორნამენტული სახეებით გაფორმებული ჭურჭელი. მოუჭიქავი კერამიკის ცნობილი ცენტრები აღმოსავლეთ საქართველოში იყო თელავი, დასავლეთ საქართველოში კი - შროშა. თბილისში მუშაობდა ათობით კერამიკული ქარხანა, რომელიც ჭურჭელს უშვებდა.ამ პერიოდის ნაკეთობებს ახასიათებდა მაღალმხატვრული დონე, დახვეწილი ფორმა, დეკორის სიმდიდრე და შესრულების მაღალი ოსტატობა. XIX საუკუნის კერამიკული ტრადიციები XX საუკუნისის დასაწყისის ჩათვლით გაგრძელდა.1959 წლიდან კი,თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კერამიკა-მინის კათედრასთან არსებული სასწავლო-ექსპერიმენტული სახელოსნოს დაარსებასთან ერთად განვითარება დაიწყოთანამედროვე ქართულმა პროფესიულმა კერამიკის სკოლამ. XX საუკუნის მანძილზე კერამიკის წარმოების მნიშვნელოვანი ცენტრები იყო შროშა, იყალთო, ასევე მცხეთა და ზუგდიდი, სადაც კერამიკული და ფაიფურის ქარხნები ფუნქციონირებდა და არაერთი კერამიკოსი იყო დასაქმებული.

მსგავსი სტატიები
{blog_relative_item}