ლითონის დამუშავება

ბლოგზე დაბრუნება

რეგიონში არსებული მდიდარი ბუნებრივი რესურსების წყალობით საქართველოში მეტალურგიული ტრადიცია ჯერ კიდევ ადრეული ბრინჯაოს ხანიდან განვითარდა, კერძოდ ძვ.წ. IV-III ათასწლეულში, როდესაც სამხრეთ კავკასიაში მტკვარ-არაქსის კულტურა იყო გავრცელებული (ძვ წ. 3500-2400). უკვე ამ პერიოდის არქეოლოგიური მასალა მოწმობს ლითონის დამუშავების მაღალ ოსტატობას, რაც კიდევ უფრო ვითარდება შუა ბრინჯაოს ხანაში, ე.წ. ყორღანულ კულტურაში. ამის დასტურია სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მარტყოფისა და ბედენის აღმოჩენები, სადაც ვხვდებით როგორც იარაღებს, ისე  სამკაულს: ბეჭდებს, ყელსაბამებს, ქინძისთავებს, რომლებიც უმაღლესი ოსტატობითაა შესრულებული. 
არანაკლებ მნიშვნელოვანია იორ-ალაზნის მიმდებარე ტერიტორიების აღმოჩენები, მათ შორის კი გამორჩეულია ძვ. წ. XXIII-XXII საუკუნეების ლომის მინიატურული ქანდაკება, რომელიც ცვილის დაკარგვის ტექნიკითა და ცვარას იმიტაციითაა შესრულებული. მას მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.  
ლითონის მხატვრული დამუშავება განსაკუთრებულ სიმაღლეებს განვითარებულ (ძვ. წ. XX-XVI) საუკუნეებში ყორღანულ კულტურაში, ე.წ. თრიალეთის კულტურაში აღწევს. ძვირფასი ქვებით ინკრუსტირების ე.წ. პოლიქრომიული სტილი, რომელიც ამ პერიოდში დომინირებს, ნათლად აისახა ისეთ ნიმუშებზე, როგორიცაა თრიალეთის ცნობილი ყელსაბამი აქატის გულსაკიდით და თრიალეთის ოქროს თასი. ცალკე აღნიშვნის ღირსია თრიალეთის ვერცხლის თასი, რომელზეც ერთ-ერთ პირველ სიუჟეტურ კომპოზიციას ვხვდებით. 
ძვ. წ. XIV–VII საუკუნეში, რომელიც გვიანბრინჯაო-ადრე რკინის ხანის სახელითაა ცნობილი დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ყალიბდება კოლხეთის სამეფო, რომელიც ე.წ. კოლხური ცულების წარმოებით გამოირჩევა. კოლხური ცული, რომელიც გრავირებული ზოომორფული ორნამენტითაა დაფარული საფუძველს უყრის ადგილობრივ კავკასიურ “ცხოველურ სტილს”, ტრადიციას, რომელიც შემდგომში გავრცელებულ ბრინჯაოს გრავირებულ სარტყლებსა და ბრინჯაოს ჩამოსხმულ ბალთებში ჰპოვებს თავისებურ გაგრძელებას.   
განვითარებული მეტალურგიული ტრადიციების გამო ძველმა ბერძნებმა ერთ-ერთი ქართველური ტომი – ხალიბები მეტალურგიის დამფუძნებლებად მიიჩნიეს. 
ძვ. წ. VI-III საუკუნეებში მნიშვნელოვან წინსვლას განიცდის კოლხური ოქრომქანდაკებლობა, რაც თავისებურად აისახა არგონავტების მითში ოქრომრავალი კოლხეთის შესახებ. ცხვრის ტყავით მდინარეში ოქროს მოპოვების ძველკოლხური ტრადიცია, დღესაც შემორჩენილია მთიან სვანეთში.
კოლხური ოქრომჭედლობის სიმაღლეებზე მიუთითებს ვანისა და საირხის უმდიდრესი აღმოჩენები, სადაც განსაკუთრებით გავრცელებულია ცვარას ტექნიკა, რომელიც მინიატურული ზომის ოქროს ბურთულების მირჩილვას გულისხმობს. ყელსაბამები, დიადემები, სასაფეთქლეები, თავსამკაული, საყურეები დღესაც აოცებს მნახველს თავისი დახვეწილი ფორმითა და შესრულების ოსტატობით. 
ვანის პარალელურად ოქრომჭედლობის ცენტრი ვითარდება აღმოსავლეთ საქართველოში ძვ. წ. IV საუკუნეში. ახალგორის განძი და მისი ცნობილი ცხენებიანი სასაფეთქლეები, რომელიც ამ ნიმუშებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. 
პარალელურად, აღმოსავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო მცხეთა, სადაც თავის იყრის როგორც აღმოსავლური, ისე ანტიკური გავლენები. ამ პერიოდის მცხეთის ოქრომჭედლობისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ძვირფასი ქვებით ინკრუსტაცია ე.წ. ტიხრული ინკრუსტაცია, რასაც ემატება ცვარას და გრეხილის გამოყენებაც. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ანტიკური სამყაროს გავლენით გავრცელებული გლიპტიკა: კამეისა და ინტალიოს ტექნიკის პოპულარობა. 
ძველი მცხეთის პოლიქრომიული სამკაული, განსაკუთრებით კი ტიხრული ინკრუსტაცია შემდგომში თავისებურ გაგრძელებას ჰპოვებს შუა საუკუნეების ხელოვნებაში, რომელიც თავის მხრივ, ლითონმქანდაკებლობის ნიმუშების საოცარი სიმდიდრით გამოირჩევა. 
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ გარკვეულწილად შეცვალა ლითომქანდაკებლობის გეზი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა ჭედური ხატების, ჯვრების და სხვა რელიგიური დანიშნულების ნივთების შესაქმნელად. 
ერთ-ერთი უძველესი ნიმუში 886 წლით დათარიღებული ზარზმის ფერიცვალების ხატია, რომელიც კარგად ასახავს ქრისტიანული სახისმეტყველების სახასიათო სიბრტყობრივ-დეკორატიული სტილს. X საუკუნის ბოლოდან ეს სტილი იცვლება შედარებით მოცულობითი და პლასტიკური ჭედურობით, რომელიც თავის მწვერვალს XI საუკუნეში აღწევს. მარტვილის ჯვარი, საღოლაშენის და შემოქმედის ლორფინები, წმ. მამაის ტონდო და მესტიის საკურთხევლისწინა ჯვარი ქართული შუა საუკუნეების ხელოვნების შედევრებს მიეკუთვნება. თავის მხრივ, მესტიის ჯვარი სვანეთის ჭედური სკოლის ნიმუშია, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი მდიდარი ტრადიციებით, ძლიერი პლასტიკური ხაზითა და უშუალო, ხშირად ხალხური გამომსახველობით. შუა საუკუნეების ჭედური ხატები, ჯვრები და სხვა საეკლესიო ნივთები დღესაც ამშვენებს სვანეთის არაერთ ეკლესიას. 
XII საუკუნიდან ქართულ ოქრომჭედლობაში განსაკუთრებით მატულობს დეკორატიული საწყისი, რისი საუკეთესო მაგალითიც მინანქრის მუზეუმად წოდებული ხახულის კარედია, რომლის ფონიც ვაზის სტილიზებული ორნამენტითაა დაფარული. XII საუკუნის ბოლოს განსაკუთრებით იზრდება ორნამენტის როლი და ის თავისი მნიშვნელობით ფიგურულ გამოსახულებებს უტოლდება. ამ მხატვრული ტენდენციის საუკეთესო ნიმუშებს თამარ მეფის ეპოქის ცნობილი ქართველი ოქრომჭედლების ბექა და ბეშქენ ოპიზრების შემოქმედებაში ვხვდებით.  
თამარის ეპოქის შემდეგ, მუდმივი შემოსევების შედეგად ქართული ლითონმქანდაკებლობის განვითარება შეფერხდა. წინა საუკუნეების მაღალმხატვრულ ნიმუშებთან შედარებით საგრძნობლად დაეცა შესრულების ხარისხი, თუმცა XV-XVIII საუკუნეებში ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი ცენტრები, დასავლეთ საქართველოში – ლევან დადიანის სახელოსნო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ე.წ. “კახეთის” სკოლა, რომელიც ოქროზე კვეთის თავისებური ტექნიკით გამოირჩევა. XIX საუკუნის ოქრომჭედლებს შორის გამოირჩევა პეპუ მეუნარგიას შემოქმედება. 
ქართული ლითონმქანდაკებლობის საეკლესიო მიმართულების პარალელურად, მდიდარი მეტალურგიული ტრადიციები არსებობდა ხალხურ ხელოვნებაში. მჭედლობის ცნობილი ცენტრი იყო რაჭა, რომელიც  ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან გამოირჩევა თავისი მეტალურგიული ტრადიციებით. 
ქართველები ოდითგანვე ცნობილი მეიარაღეები იყვნენ. XVIII-XIX საუკუნეში საქართველოში, კერძოდ თბილისში, განსაკუთრებით პოპულარული ხდება ე.წ ბაწარაულის ტექნიკით შესრულებული ცივი იარაღი, რომელიც დიდ მოწონებას იმსახურებდა მთელ კავკასიაში, რუსეთსა და ევროპაში. ამ პერიოდშივე ფართო გავრცელება ჰპოვა სევადისა და ზარნიშის მხატვრულმა ტექნიკამ, რომელიც იარაღის, სამკაულის და ჭურჭლის მოსართავად გამოიყენებოდა. 
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის “ძველ თბილისური” ვერცხლის ნაწარმი, რომელიც იმ პერიოდის თბილისურ ჰამქრებში იქმნებოდა. ვერცხლის ჭურჭლის, აზარფეშების, თასების, ყარყარების მორთულობაში ხშირად ვხვდებით იმ პერიოდის კავკასიაში გავრცელებულ სტილს, სადაც მცენარეულ ორნამენტში ფიგურალური, ხშირად ძველთბილისური ტიპაჟების გამოსახულებებია ჩართული. 
შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნების ხანგრძლივმა ტრადიციამ თავისებური გაგრძელება ჰპოვა საბჭოთა პერიოდში, როდესაც ჭედური ნიმუშების თემატიკა საეკლესიოს ნაცვლად ეროვნულ მოტივებზე შესრულებული საერო მოტივებით შეიცვალა. 

მსგავსი სტატიები
{blog_relative_item}